Monday, January 27, 2014

ალილოობა


ალილოობა საქართველოში

ოცდახუთსა დეკემბერსა
ქრისტე იშვა ბეთლემსაო
- ანგელოზები გალობენ
დიდება მაღალთა შინა

- ეს რომ მწყემსებმა გაიგეს
მივიდნენ და თაყვანი სცეს მას

- ჩიტი ღობეზე შემოჯდა
იძახოდა ქრისტეშობას
- ცაზე ვარსკვლავი გამოჩნდა
შობის მახარობელიო
- ალათასა ბალათასა
ხელი ჩავკარ კალათასა
შიგ რომე ვერა ვიპოვე-რა
ღმერთი მოგცემს ბარაქასა
- ოცდახუთსა დეკემბერსა
ქრისტე იშვა ბეთლემსაო

„დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, და ქვეყნასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“.
„და მწყემსნი იყვნეს მასვე სოფელსა, ველთა დგებოდეს და ჴუმილვიდეს საჴუმილავსა ღამისასა სამწყოსოსა მათსა. და აჰა ანგელოზი უფლისაჲ დაადგრა მათ ზედა, და დიდებაჲ უფლისაჲ გამოუბრწყინდა მათ, და შეეშინა მათ შიშითა დიდითა. და ჰრქუა მათ ანგელოზმან მან უფლისამან: ნუ გეშინინ, რამეთუ აჰა ესერა გახარებ თქუენ სიხარულსა დიდსა, რომელი იყოს ყოვლისა ერისა: რამეთუ იშვა დღეს თქუენდა მაცხოვარი, რომელ არს ქრისტე უფალი, ქალაქსა დავითისსა. და ესე იყოს თქუენდა სასწაულად: ჰპოოთ ყრმაჲ იგი შეხუეული და მწოლარე ბაგასა. და მეყსეულად იყო ანგელოზისა მის თანა სიმრავლე ერთა ცისათაჲ, აქებდეს ღმერთსა და იტყოდეს: დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ, და კაცთა შორის სათნოებაჲ. და იყო ვითარცა აღვიდეს ანგელოზნი იგი ზეცად, მწყემსთა მათ თქუეს ურთიერთას: განვიდეთ ჩუენ ვიდრე ბეთლემადმდე და ვიხილოთ სიტყუაჲ ესე, რომელი იყო ჩუენდა მომართ, რომელი-იგი უფალმან მაუწყა ჩუენ. და მოვიდეს მსწრაფლ და პოვეს მარიამ და იოსებ და ყრმაჲ იგი, მწოლარე ბაგასა. და ვითარცა იხილეს, გულისჴმა-ყვეს სიტყუაჲ იგი, რომელი ითქუა მათა მიმართ ყრმისა მისთჳს. და ყოველთა, რომელთა ესმოდა, უკჳრდა სიტყუაჲ იგი მწყემსთაჲ მათ მათდა მიმართ. ხოლო მარიამს დაემარხნეს სიტყუანი ესე და დაედვა გულსა თჳსსა. და მიიქცეს და წარვიდეს მწყემსნი იგი, ადიდებდეს და აქებდეს ღმერთსა ამას ყოველსა ზედა, რომელი ესმა და იხილეს, ვითარცა-იგი ითქუნეს მათდა მიმართ“ (ლუკა 2, 8-20).
ყოველი შობის ღამეს, ალბათ ვარსკვლავის გამოჩენისა და ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მოციქულების წინამორბედი, ქრისტეს მახარებელი მწყემსები შორეული წარსულიდან აქამომდე მთელ ერს ამცნობდნენ იმ უდიდესი საიდუმლოს განხორციელებას, რასაც იესო ქრისტეს განკაცება ჰქვია. მწყემსებად გამოწყობილი ჩვენი წინაპარი ზრდასრული მამაკაცები თუ ჩვენი თანამედროვე ახალგაზრდა ყმაწვილები ალილოს გალობით, როგორც ამ ხალხურ სიმღერას ხალხში უწოდებდნენ, თვითოეული თანასოფლელის კარმიდამოს მოივლიდნენ და მოუთმენლად მომლოდინე მასპინძლებს  ღვთის სადიდებელს - ალილოს (ალილუია - ვადიდოთ ღმერთი) - მთელი ქვეყნის გასაგონად, მაღალ ხმაზე უგალობდნენ:
„ალილო და აქა ალილო,
ალილო და აქა შობა,
ღმერთმა ბევრი გაგითენოთ
შობა-ახალწელიწადი.
ოცდახუთსა ამთვესაო,
ქრისტე იშვა ბეთლემსაო,
ჩიტი შემოჯდა ღობესა,
იძახის ქრისტეშობასა.
ჩვენ მათხოვრები არა ვართ,
ვართ ქრისტეს მახარობლები,
ალილო და აქა შობა,
აქა ალილო“ (მესხეთი)
„ოცდახუთსა ამ თვესაო,
ქრისტე იშვა ბეთლემსაო,
თქვენ გვაჩუქეთ გროშებიო,
დაგელოცოთ ბოვშვებიო“ (სამეგრელო)
„ოცდახუთსა და რამდენსა შობა გათენებულაო,
შობის მადლი შეგეწიოთ, ქრისტე დაბადებულაო,
ეს სახლი ვინ ააშენა, ვინ დახურა მუხის გული?
ამშენებლის დედა ცხონდეს, დამხურავის მამის სული.
„კოშკიდან“ გადავიხედე, ერბო გიდგათ ქილებითა,
ალათასა, ბალათასა, კვერხცი უნდა კალათასა,
აქა ღორი დაკლულიო, ნაყელარი ჩვენიაო, ნასამედი თქვენიაო.
პატარძალო ჩვენო ლხინო, მარნის კარი გიჭრიალებს,
მარნის ქოცო აგვიხადე, ყელი ჩაგვიმაჭრიანე“ (კახეთი)
ვინ მოსთვლის რამდენი საუკუნე ქართველი ამ საოცარი ამბით, სიხარულითა და ვარსკვლავით განათებულ ღამეში უხვად: ფულით, ფქვილით, ერბოთი, თხილ-კაკლით, საშობაოდ დაკლული ღორის ხორცით, ყოველივე იმით, რაც მოეპოვებოდა და რა თქმა უნდა, კვერცხით, აჯილდოვებდა მეალილოებს, შობის სიმბოლოთი, რომელიც სულ მალე, აღდგომას, ქრისტეს ჯვარცმის ნიშნად წითლად შეიღებებოდა და მეჭონეებს, ქრისტეს აღდგომის მახარობლებს მიერთმეოდა. კვერცხით, რომელიც ოდითგან საუცხოო საჩუქრად ითვლებოდა. და ვაი, მას ვინც ძღვენს დაინანებდა (მეალილოეთა ძღვნის გარეშე გაშვება ხალხში ფუძის უბარაქობისა და ზიანის მომტანად ითვლებოდა) იმ მწყემსთათვის, რომლებიც ღვთისა და ანგელოზებისაგან დამოძღვრილ სახარებისეულ წინაპრებს განასახიერებდნენ, ვისაც მთელი ქვეყნისათვის ღვთისა და ანგელოზების ნებით დიდი საიდუმლო, მომავალი, მარადიული, მარადიული ხსნის საწინდარი უნდა გაენდოთ. ამას გარდა, ქრისტიანი ქართველი მოსულში, ყოველ სტუმარში, მათ შორის ყოველ მეალილოეში ღმერთს ხედავდა, რომელთათვის მირთმეული ძღვენი შესაწირიც იყო და საჩუქარიც, დიდებაც და თაყვანისცემაც.
ამ ღამეს ქრისტეშობის სიხარულს, როგორც ბეთლების გამოქვაბული, ვეღარ იტევდა ტაძარი, მწყემსებთან ერთად გამოდიოდა გარეთ, მწყემსების მეშვეობით თვითოეულ მოკვდავამდე მიდიოდა და ეს სიხარული ქრისტეს ხორციელი მოვლინებით განცდილი ყველას ერთ მრევლად, ქრისტეს მიწიერ სხეულად, ეკლესიად აქცევდა.
შუასაუკუნეების გადმოცემის თანხმად, შობას იერიქონში ვარდები იშლებოდნენ დეკემბერში, შიომღვიმეში ტაძრის კედელთან ამოსული წითელი ვარდის კოკრები, თითქოსდა მეალილოე მწყემსების დარად ელიან შობას, რომ აყვავდნენ სიხარულისა და დიდების ნიშნად.
წყარო

სამზარეულო



კახეთი[რედაქტირება]

კახეთი განთქმულია ვენახებითა და შესანიშნავი ღვინით, კახური სამზარეულოს ტრადიციული კერძებია: მწვადიხაშლამაჩაქაფულიჩიხირთმა და სხვ. კახური მწვადი ვაზის ლერწზე იწვება, რაც მწვადს განუმეორებელ გემოს ანიჭებს. ყურძნის წვენის - ბადაგისაგან ამზადებენ ტრადიციულ ტკბილეულს: ჩურჩხელასა დათათარას (ფელამუში). კახეთში ცხვება მოგრძო ფორმის შოთის პური.

სამცხე-ჯავახეთი[რედაქტირება]

სამცხე-ჯავახურ დელიკატესად ითვლება აპოხტი - დამარილებული და გამომშრალი ხორცი. ტრადიციული კერძია თათარბერაკი - წვრილად დაჭრილი ცომის მოხახრშული ნაჭრები, რომელსაც ერბოში მოშუშულ ხახვთან ერთად მიირთმევენ. თუთის ნაყოფისგან ამზადებენ თაფლს სახელად - ბაქმაზი. მესხური სამზარეულოს სიამაყეა ტენილი ყველი. განვითარებულია აგრეთვე მეფუტკრეობა.
აქ არის ხორბლის დიდი ასორტიმენტი და მრავალფეროვანი ცომეული საკვები: კაკალა, სომინი, ჩაწეკილი პური, ბაზლავა ხმიადი და სხვა.
სამცხე–ჯავახეთის რამდენიმე სოფელში ცხოვრობენ წარმოშობით ფრანგი კათოლიკეები. ისინი მიირთმევენ ლოკოკინებსაც, რომელსაც დეკემბრის თვიდან აგროვებენ. აქვე ამზადებენ გოზინაყს და თაფლის ნაცვლად მასში თუთის თაფლს - ბაქმაზს იყენებენ.

ქართლი[რედაქტირება]

ქართლში, განვითარებულია მეხილეობა, დიდი წილი მოდის ვაშლსა და ატამზე. განვითარებულია მევენახეობა. თუმცა ქართლის სამზარეულო მაინც განთქმულია წვნიანებით. აქაურ ტრადიციულ შეჭამადებს მიეკუთვნება შინდის, დოსა და ღოლოს შეჭამანდი, პურის ხარჩო. აქ ისევე როგორც კახეთში გამოიყენება ნაირგვარი მწვანილი და ბოსტნეული. განსაკუთრებით პოპულარულია: ლობიო, კარტოფილი, ხახვი, კომბოსტო, კიტრი, პამიდორი, ბოლოკი, ნიორი, წიწმატი, ქინძი, ოხრახუში და ნიახური. ქართლი განთქმულია აგრეთვე შესანიშნავი მწნილეულობით, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ჯონჯოლის მწნილი.

მთიულეთითუშეთიფშავიხევსურეთი[რედაქტირება]

საქართველოს აღმოსავლეთ მთიანეთში კერძოდ თუშეთში პოპულარული და ტრადიციული კერძებია: ხინკალიგორდილა(წყალში მოხარშული ცომი),ყაღი(გამოყვანილი ხორცი), ყაურმაკონტორი(ხაჭოს გულსართიანი ხაჭაპური). თუშური სამზარეულოს სიამაყეა გუდის ყველი. ფშავ-ხევსურეთში ხინკალი თუმცა შეიძლება დამზადდეს როგორც ხორცით, აგრეთვე ხაჭოთი და კარტოფილითაც. მთიანეთის კიდევ ერთი ტრადიციული კერძია ხაჭოერბო, რომელსაც ძოგანში გამომშრალი, დავარგებული ხაჭოს გუნდებისგან აკეთებენ. კიდევ ერთი კერძი - ხავიწი მზადდება ერბოს, ფქვილისა და შაქრისგან, იგი ტკბილი ქადის გულსართადაც გამოიყენება. განთქმულია აქაური ლუდი და არაყი - ჟიპიტაური.

იმერეთი[რედაქტირება]

იმერული სამზარეულოს მშვენებაა ჭყინტი ყველი და ხაჭაპური. მჭადს და ხაჭაპურს აქ როგორც წესი კეცზე აცხობენ. იკვებებიან მხალეულითა და ფრინველის ხორცით. მხალეულს იმერეთში ნიგვზითა და ძმრით კაზმავენ, შემწვარ ხორცეულს კი ნიორწყალში ან საწებელში აწყობენ. აქაურების სიამაყეა ცოველების შიგნეულობისაგან დამზადებული კერძი - კუჭმაჭი. იმერეთში ტრადიციულად ამზადებენ სოკოს კერძებს, გამორჩეულია ქამა და ნიყვის სოკოსაგან დამზადებული საკვები და მანჭკვალას კონსერვი, რომელიც დამარილებული ინახება რამდენიმე ზამთარს. აქაურების უსაყვარლესი საჭმელია ამოზელილი ლობიო, რომელსაც ხშირად ნიგვზით ან კვაწარახით ამზადებენ.

სვანეთი[რედაქტირება]

სვანურ სამზარეულოში მეგრულის მსგავსად ტრადიციულია სულგუნი. ტრადიციულია აგრეთვე ჭვიშტარი, რომელიც სიმინდის ფქვილისა და სულგუნის ნაზავისაგან მომზადებული კვერია და კუბდარი - პურის ცომში ჩაშუშული, წვრილად დაკეპილი ხორცი. აქ მზადდება თაშმიჯაბი რომელიც ყველით გადაზელილი კარტოფილის პიურეა. ცალკე აღნიშვნის ღირსია სვანეთის სიამაყე სვანური მარილი - სუფრის მარილით, წიწაკითა და სხვადასხვა სურნელოვანი მცენარით შეზავებული სანელებელი, რომელიც კერძებს განუმეორებელ გემოს მატებს.

რაჭალეჩხუმი[რედაქტირება]

რაჭული სამზარეულოს ცნობილი კერძებია - შქმერული, ლობიოს შეჭამანდი და ლობიანი, რომელიც ლორით შეზავებული ლობიოს გულსართით მზადდება. რაჭველები ლობიანებს პურის მსგავსად თონეში აცხობენ. რაჭველები განსაკუთრებულად ამზადებენ ღორის ლორს, რომლის მომზადებასაც კვირები სჭირდება.

აჭარა[რედაქტირება]

აჭარული სამზარეულო ყველაზე მრავალფეროვანია, იგი ფერთა მთელი პალიტრაა. აქ ერთმანეთშია შერწყმული მთის ხისტი და ზღვისპირეთის ნაზი არომატები. აჭარული სამზარეულო განიცდის თურქული კულინარიის კულტურულ ზეგავლენას. აჭარული ტკბილეულებია: ბაქლავა და შაქარლამა. მთიანი აჭარის სამზარეულოში რძის პროდუქტები ჭარბობს, იგი უფრო ცხიმიანი და მძიმეა. ცნობილია აჭარული ზღვისპირეთის: უცხო სუნელი, ხმელი ქინძი და წიწაკა. თუმცა ყველაზე პოპულარული აჭარული კერძები არიან: ბორანო(კარაქში ჩამდნარი ყველი), ჩირბული(კვერცხითა და ნიგვზით მომზადებული საუზმე) და სინორი(ნადუღითა და უფუარი ცომის ხმელი ფირფიტებით მომზადებული კერძი).

სამეგრელო[რედაქტირება]

მეგრული სამზარეულოს მშვენებაა - სულგუნი, რომელიც სხვადასხვა კერძის მოსამზადებლად გამოიყენება. სამეგრელო გამორჩეულია ისეთი უმშვენიერესი კერძებით, როგორიცაა: ღომი(სიმინდის ღერღილის სქელი ფაფა), ელარჯი(ღომში ჩაზელილი სულგუნი), გებჟალია(პიტნით შეზავებული ყველის რულეტი),ჯურჯანი(შეზავებული შიგნეული). მეგრელები ცნობილი არიან (დასავლეთ საქართველოს სხვა კუთხეების მსგავსად) ცხარე კერძების მომზადებით, გამორჩეულია მეგრული აჯიკა და საწებელი(ტყემალი). ერთერთი ყველაზე პოპულარული ხაჭაპურის ტიპია აჭარულ და იმერულ ხაჭაპურთან ერთად მეგრულიც, რომელიც ქართულ რესტორნებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

აფხაზეთი[რედაქტირება]

მეგრულის მსგავსად აფხაზური სამზარეულოც მდიდარია ნაირგვარი საწებლით, ნიგვზითა და წიწაკით შეზავებული კერძებით. აფხაზეთში ყოველდღიური საჭმელიააბისტა - სიმინდის ფქვილის ფაფა, რომელსაც ლობიოსთან, ყველთან და ხორცთან ერთად მიირთმევენ. აფხაზური ტრადიციული კერძებია: აშვჩაპანი(გადაზელილი ყველი), არიცვმგელი(ნიგვზიანი მჭადი), აყრდცა(ლობიოს შეჭამანდი) და სხვა.

გურია[რედაქტირება]

გურულ სამზარეულოში იმერულის მსგავსად, აქტუალურია ფრინველის ხორცის კერძები და სხვადასხვა მცენარეულობისაგან მომზადებული მხალეულობა, აგრეთვე სიმინდის ფქვილი და ტრადიციული მჭადი. მჭადისა და თევზის შესაწვავად გურულები კეცის ძირში ვაზის ან კაკლის ფოთლებს აფენენ, რაც კერძებს განსაკუთრებულ არომატს აძლევს. კერძების შესაზავებლად ფართოდ გამოიყენება ნოგოზი და მეტწილად თხილი. საყოველთაოდაა ცნობილი გურული ღვეზელი - ნახევარმთვარის ფორმის ხაჭაპური, რომელშიც წინასწარ მოხარშული და შუაზე გაჭრილი კვერცხი დევს. გურულები ამზადებენ აგრეთვე ჯანჯუხას - თხილისგულსართიან ჩურჩხელას.წყარო

აღდგომა



აღდგომა — უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ახალი სტილით 4 აპრილსა და 8 მაისს შორისქრისტეს მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით. აღდგომას უძღვის 40–დღიანი მარხვა, საეკლესიო სამზადისი,აღსარება და ზიარებავნების კვირა. ესაა ზეიმთა ზეიმი, აღმნიშვნელი მესიის მოვლინებისა, რაზედაც მოსეს ხალხი ეგვიპტის მონობიდან თავის დაღწევის შემდეგ ოცნებობდა, რასაც ბიბლიური წინასწარმეტყველნი ქადაგებდნენ და რაც სინედრიონის ნებით ჯვარცმული ქრისტეს სახით განხორციელდა.
თავდაპირველად მხოლოდ ვნების დღეებს ზეიმობდნენ. მხოლოდ IV საუკუნეში მიეცა აღდგომის დღესასწაულს თანამედროვე სახე. ნიკეის პირველმა მსოფლიო საეკლესიო კრებამ 325 წელს დაადგინა ზეიმის აღნიშვნა გაზაფხულისბუნიობის მომდევნო კვირას, იუდეველთა პასექის დასასრულს, უთუოდ მისგან განცალკევებით და კვირის ბოლოს. ეს ხვდება ახალი სტილით 4 აპრილიდან 8 მაისამდე. ამიტომ განეკუთვნება აღდგომა მოძრავ დღესასწაულებს.
ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის თანახმად, აღდგომის ზეიმი, უძველეს მესაქონლეთა და შემდეგ მიწათმოქმედთა საგაზაფხულო, საყოველთაო განახლების დღესასწაულია, რომელიც უშორესი ძირებით წარმართულ რელიგიებს უნდა უკავშირდებოდეს, სადაც ის ბუნების კვდომას და აღდგომას განასახიერებს.წყარო

ქორწინება




ქორწინება შეიძლება განვიხილოთ ორი მხრიდან: როგორც კანონი ბუნებისა, დაწესებული შემოქმედის, ჩვენი ზეციური მამის, ღმერთის მიერ და როგორც საიდუმლო ახალი აღთქმის ეკლესიისა. ქორწინება თავისთავად კურთხეულია და სუფთა თავისი ღვთიური წარმოშობით, მაგრამ ვინაიდან ადამიანი მოქცა ცოდვის გავლენის ქვეშ და აჰყვა გამრყვნელ გრძნობებს, უფალმა იესო ქრისტემ დააწესა საიდუმლო ქორწინებისა.
ქორწინება წარმოადგენს ახალი აღთქმის შვიდი საიდუმლოთაგან ერთ-ერთს.

ჯვრისწერა — ძველ რომაულ სამართალში ქორწინება განიხილებოდა როგორც ქალსა და მამაკაცს შორის დადებული ხელშეკრულება და ამგვარად, ქორწინება მკაცრად განსაზღვრულ სამოქალაქო ურთიერთობად ითვლებოდა, რომელსაც გარეგნულად ნაკლები კავშირი ჰქონდა ადამიანურ ურთიერთობებთან (3). რომის სამართალი ქორწინებას მხოლოდ ერთსადაიმავე საზოგადოებრივი ფენის წარმომადგენელთა შორის უშვებდა. ასევე მარტივი იყო განქორწინებაც. თვით მოსეს რჯულიც კი უშვებდა განქორწინებას გამარტივებული წესით, განსაკუთრებით მამაკაცის მხრიდან.
მხოლოდ ახალი აღთქმის ეკლესიაში განისაზღვრა ქორწინების, როგორც საღმრთო საიდუმლოს ხასიათი. „რომელნიცა ღმერთმან შეაუღლნა, კაცნი ნუ განაშორებნ“. საეკლესიო სამართალი არ გარდადრეკილა „არცა მარჯვულ, არცა მარცხულ“, ანუ ქორწინება არც მხოლოდ იურიდიულ ფაქტად მოუნათლავს და არც მხოლოდ საღმრთო საიდუმლოდ, „არამედ ვიდოდა იგი გზასა სამეუფოსა“, ანუ შეაზავა ეს ორი ცნება და განსაზღვრა ქორწინების (ჯვრისწერის), როგორც იურიდიული ფაქტის ბუნება, და ამავე დროს, აღიარა მისი დიდი სარწმუნოებრივი მნიშვნელობა.
ჯვრისწერის საიდუმლო აღესრულება ნაკურთხი და უფლებამოსილი მღვდლის ან მღვდელმთავრის მიერ წმიდა ტრაპეზზე. რუის-ურბნისის ძეგლისწერის მიხედვით ჯვრისწერა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში აღესრულება გიორგი მთაწმიდლის განწესებით და მხოლოდ ტაძარში. ასევე უნდა ითქვას ისიც, რომ ჯვრისწერის მონასტერში აღსრულება დაუშვებელია. ამასთან, ჯვრისწერა არაა მიზანშეწონილი, რომ აღესრულოს მღვდელმონაზონის მიერ, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა.
ჯვრისწერის დამაბრკოლებელი გარემოებებია:
ა) მექორწილეთა ხორციელი ნათესაობა; ბ) მექორწილეთა სულიერი ნათესაობა; გ) მექორწილეთა შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი სამღვდელო ან სამონაზვნო დასში შედის; დ) მექორწილეთა შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი წარმართია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს უკანასკნელი პირობას დადებს, რომ მოინათლება; ე) მექორწილეთა ასაკი და სულიერი მდგომარეობა.
გავრცელებულია მოსაზრება, თითქოს შუასაუკუნეებში ეკლესია არ აკურთხებდა ჯვრისწერას სხვადასხვა საზოგადოებრივი ფენის წარმომადგენლის შორის. ეს არასწორია. უბრალოდ ხალხში არსებული ტრადიცია იმდენად ძლიერი იყო, რომ თავადი და გლეხი თვითონ არ ქორწინდებოდნენ (4). ეკლესია, ცხადია, ვერ დაავალდებულებდა ბატონებსა და ყმებს ექორწინათ ერთმანეთში მხოლოდ იმიტომ, რომ ეს დაშვებული იყო. ეს ხომ უფლება იყო და არა ვალდებულება!
ჯვრიწერის საიდუმლო, რომელიც დღეს ფაქტობრივად დღესდღეობით აღესრულება საქართველოს ეკლესიაში, შედგება ორი ნაწილისაგან: წინდობისა და გვირგვინოსნებისაგან. თუმცა შესაძლებელია, რომ ეს ორი მსახურება ცალ-ცალკე აღესრულოს. წინდობისას იკურთხება ბეჭდები და დაახლოებით საერო ნიშნობას უტოლდება. წინდობა არ წარმოადგენს საიდუმლოს და არ იწვევს იურიდიულ შედეგებს. ჯვრისწერა აღსრულებულად ითვლება გვირგვინოსნების შემდეგ და მექორწილენი ითვლებიან ჯვარდაწერილად.
ჯვრისწერა არის ცოლ-ქმრის საუკუნო შეერთება. თუმცა, გამონაკლის შემთხვევაში ხდება ჯვრისწერის გაუქმება. ასევე დასაშვებია ხელმეორე ჯვრისწერა. ჯვრისწერის გაუქმების საფუძვლებია:
ა) ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალება; ბ) ერთ-ერთი მეუღლის ბერად ან მონაზვნად აღკვეცა მე-რის თანხმობით; გ) გვირგვინის ახდა, ანუ განქორწინება.
გვირგვინის ახდა აღესრულება ადგილობრივი მღვდელმთა-ვრის მიერ და დასაშვებია მრუშების და სხვა განსაკუთრებული შემთხვევებისას. „რომელმანცა ცოლი თ სი თ ნიერ მრუშებისა, მან იმრუშა“ - მითითებულია წმიდა სახარებაში.
საქართველოში ჯვრისწერის რეგისტრაციას მხოლოდ ეკლესია ახდენდა. მსგავსივე მდგომარეობა იყო რუსეთის იმპერიაშიც. 1920 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კანონით „მოქალაქეთა მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის შესახებ“ გაუქმდა ჯვრისწერის იურიდიული საფუძველი და იგი მხოლოდ ფორმალური სახით დარჩა. ქორწინების რეგისტრაცია კი ხდებოდა სახელმწიფოს სპეციალურ ორგანოებში. ცხადია, ბოლშევიკური დიქტატურის დამყარების შემდეგ სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა და ჯვრისწერა ფაქტობრივად აიკრძალა. დადებითი ძვრა საქართველოს დამოუკიდებლობას (1991 წ.) არ მოჰყოლია, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსმა 1920 წლის კანონის მსგავსად განსაზღვრა, რომ „რელიგიური ქორწინება არავითარ სამართლებრივ შედეგებს არ იწვევს“. არადა, მრავალი ევროპული სახელმწიფო ჯვრისწერას აღიარებს თავისი სრული სახით, როგორც სარწმუნოებრივ, ისე სამართლებრივი კუთხით. კონსტიტუციური შეთანხმების მე-3 მუხლით სახელწმიფომ ცნო ჯვრისწერა. თუმცა რეგისტრაცია მაინც მხოლოდ ოფიციალურ ორგანოში ხდება. [1] წყარო


ტრადიცია

ტრადიცია (ლათ. traditio) — ისტორიულად ჩამოყალიბებული და თაობიდან თაობაზე გადაცემული ადათები, წესები, ყოფაქცევის ნორმები. ტრადიცია შესაძლოა გავრცელებული იყოს გარკვეული სოციალური ჯგუფის (ერის, სუბეთნიკური ჯგუფის, ერთი ქალაქის მოსახლეობის, ოჯახის) შიგნით ან თაობაში. მსგავსი ტრადიციების მქონე სოციალური ჯგუფები აყალიბებენ კულტურას. ტრადიციის მაგალითია ადამიანთან მოპყრობის ან მისალმების განსხვავებული ფორმები სხვადასხვა საზოგადოებაში, ეს ტრადიციები ინსტიქტებისაგან განსხვავებით თანდაყოლილი არაა. ტრადიციებს მიაკუთვნებენ ასევე სამუშაო იარაღების გამოყენების წესებსა და ენას
წყარო